ილუმინატების ორდენი (განათლებულთა საძმო)

                              „თავისუფლება, განათლება, მეცნიერება“

ილუმინატების ორდენი დაარსების დღიდან დღემდე იბრძოდა და იბრძვის სიბნელის წინააღმდეგ. ეს არის თავისუფალი, პროგრესული, რეფორმატორი ადამიანების ერთობა, რომლებიც შრომობენ სინათლისთვის და აღიარებენ უმაღლეს ფასეულობად ადამიანს, თავისუფლებას, სიცოცხლეს, განათლებას, მეცნიერებას, სიყვარულს და თანასწორობას. „განათლებულები“ ვგრძნობთ პროგრესის და საზოგადოებაში სინათლის შემოტანის აუცილებლობას. ჩვენ არად დაგიდევთ დაბრკოლებებს, რომლებიც შეიძლება მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეგვხვდეს, რადგან გვჯერა, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახული იქნება ჩვენი იდეებით, შრომით, განათლებით, სიძლიერით და ერთობით. ილუმინატი (illuminati) ნიშნავს „განათლებულს“. თვით ამ სიტყვით უძველეს დროში მოიხსენიებდნენ ღმერთებს, რომლებმაც ადამიანებს საიდუმლო ცოდნა გადასცეს. მოგვიანებით ეს სიტყვა დაუკავშირდა ინტელექტუალურ ელიტას, რომელიც ამ ცოდნის სრულუფლებიანი მატარებელი გახდა, ხოლო ილუმინატების ორდენს მეორენაირად შეგვიძლია განათლებულთა საძმო (Ordo Illuminati) ვუწოდოთ.

ჩვენთვის, ილუმინატებისთვის, პრიორიტეტულია ახალგაზრდობა, ახალი თაობა, რადგან „გაზაფხულზე“ თესლს თუ ჩანასახშივე არ შეეხო სინათლე, „შემოდგომით“ ნაყოფი დამპალი იქნება, „ზამთარი“ კი – ბნელი და „უიმედო“.

„ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ დაარსების დღიდან მზად არის ახალი წევრების მისაღებად. უამრავი ადამიანი გვიკავშირდება საინტერესო შეკითხვებით ან უბრალოდ პოზიტიური სურვილებით. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ მათგანს გავცეთ შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხები. ზოგჯერ გვეკითხებიან ხოლმე, მივიღებთ თუ არა ორდენში ადამიანს, რომელსაც არ აქვს დიპლომი, სკოლის ატესტატი, მაღალი თანამდებობდა სამსახურში ან რაიმე განსაკუთრებული მიღწევა. გვსურს, ყველას ვუპასუხოთ, რომ ილუმინატების ორდენი არ არის კომპანია, ორგანიზაცია, სამსახური, სადაც სჭირდებათ თუ არ სჭირდებათ, ითხოვენ დიპლომს. ყველას, ვინც ასეთი მცდარი წარმოდგენების გამო ვერ ბედავს ილუმინატებთან მოსვლას  ან მსგავსი შეხედულებები ხელს უშლის, დაისახოს მაღალი მიზნები და ისწრაფვოდეს მწვერვალებისკენ, ვეკითხებით: ჩვენთან მიმართებით, რას ნიშნავს დიპლომის მქონე  კაცი ან ქალი და რით სჯობია ის უდიპლომო ადამიანს? განა არ გინახავთ უსაქმური, მუქთახორა, არაფრის მცოდნე გაუნათლებელი, ბნელი ადამიანი, რომელიც თავს იწონებს საკუთარი დიპლომ(ებ)ით, ხოლო ადამიანთა შორის ურთიერთობების, ბუნებაზე დაკვირვების და ანალიზის არა გაეგება რა? მაგალითისთვის შეგვიძლია ვისაუბროთ ჟურნალისტებზე, უფრო სწორად – ბნელ, დიპლომიან ჟურნალისტებზე, რომლებიც შეიქმნენ მონებად საკუთარი მარიონეტული აზროვნებისა და ყოველდღე ტელევიზორებიდან ან პრესის ფურცლებიდან თავხედურად ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას მათი ყოველგვარი გადამოწმების გარეშე და ცდილობენ სახელი გაუტეხონ ისეთ ღირსეულ საზოგადოებას, როგორში მოხვედრასაც მხოლოდ იოცნებებდნენ. განა არ გსმენიათ, რაციონალურად მოაზროვნე (უდიპლომო) ინდივიდების შესახებ, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს და უდიდესი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარების საკითხში? ყველაფერი თქვენს ხელშია. თითოეულ ადამიანს შეუძლია მსოფლიოს შეცვლა უკეთესობისკენ. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და იცოდეთ რა გსურთ.

მეგობრებო და ძვირფასო საზოგადოებავ, ეს არ არის ორგანიზაცია ან რომელიმე რიგითი ორდენი. ეს არის განათლებულთა საძმო, ილუმინატების ორდენი, სადაც კანდიდატების შერჩევა ხდება მკაცრი წესებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – დიპლომებით, სერთიფიკატებით და ატესტატებით, რადგან ორდენი ამ ყველაფერზე მაღლა დგას. იმისათვის, რომ კანდიდატი გახდეს ორდენის წევრი, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, რომელიც მხოლოდ ჩვენთვის არის ცნობილი.

ჩვენ ვწერთ: ადამიანი უპირველეს ყოვლისა! თქვენ კი წაიკითხეთ და გააცნობიერეთ.

ილუმინატების ორდენი დაარსების დღიდან მიდის სინათლის გზაზე თავისუფალ ადამიანებთან ერთად. ვშრომობთ თვითგანვითარებისთვის, ბუნებაზე დაკვირვებით, გონებით და ანალიზით ვაშენებთ „გონების ტაძარს“, „ბუნებრივ სახლს“. ვეხმარებით ერთმანეთს, ვაძლევთ ორდენს ყველაფერს, რისი მიცემაც საჭიროა, ვმსჯელობთ ურთიერთპატივისცემით (თუნდაც წევრებს სრულიად განსხვავებული აზრები და შეხედულებები ჰქონდეთ) საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, იმაზე, თუ რისი გაკეთებაა საჭირო და ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. საქართველოში ჩვენ ვართ თავისუფლების, განათლების, პროგრესის, სინათლის და მეცნიერების „სახლი“. მზად ვართ, ორდენში მივიღოთ ახალი, საინტერესო ადამიანები განურჩევლად სქესის, აღმსარებლობის, სოციალური სტატუსის, კანის ფერის, წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგან ჩვენ ყოველთვის გვახსოვს: ადამიანი უპირველეს ყოვლისა!