პენტაგრამა

მიუხედავად იმისა, რომ პენტაგრამას ილუმინატი არ აღიარებს საკუთარ სიმბოლოდ, მაინც არსებობს ჭორი, თითქოს ის ილუმინატების სიმბოლოა. ასეთ ჭორებს საფუძვლად უდევს სწორი ინფორმაციის დეფიციტი, რაც იწვევს სხვადასხვა სახის გაურკვევლობებს. სინამდვილეში პენტაგრამის ფესვები და არსი შორეულ წარსულში უნდა ვეძებოთ. ეს სიმბოლო 5 ქიმიანი ვარსკვლავია, რომელსაც საკმაოდ დიდი და რთული ისტორია გააჩნია. ამ სიმბოლოს პირველი ცნობილი გამოსახულება გვხვდება უძველესი შუმერული ქალაქის – ურუკის ტერიტორიაზე ნაპოვნ თიხის ნამსხვრევზე. ეს გამოსახულება ასახავდა პლანეტა ვენერას ტრაექტორიას. იგი დათარიღებულია ჩვ. წ.-მდე 3500 წლით. ზოგიერთი ვერსიით პენტაგრამა შუმერების ქალღმერთ იშთარის აღმნიშვნელი იყო.

ბაბილონში პენტაგრამა მიაჩნდათ ყოველგვარი ბოროტებისგან დამცველად. სწორედ ამ მიზნით მას საწყობების კარზე გამოსახავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იგი გაქურდვისგან დაიცავდა. ამასთანავე, ისევ ბაბილონში პენტაგრამა სამეფო ბეჭდებზე გამოისახებოდა და აღნიშნავდა „ძალაუფლებას ოთხივე მხარეს“.

პენტაგრამა გვხვდება ეგვიპტურ ქანდაკებებზეც და იგი წარმოადგენს ვარსკვლავს – ქალღმერთ სოპდეტის სიმბოლოს. სოპდეტი დაკავშირებული იყო სირიუსთან (Canis Major), ამიტომ ეგვიპტელები მას “ძაღლის ვარსკვლავადაც” მოიხსენიებენ.

პენტაგრამის 5 ქიმის მნიშვნელობაზე დავა დღემდე არ წყდება. პითაგორას აზრით, ციფრი „5“ ადამიანის ციფრი იყო. შესაბამისად, 5 ქიმიანი ვარსკვლავი აღნიშნავდა იმ სტიქიებს, რომლებიც ადამიანს უკავშირდებოდა – მიწას, წყალს, ცეცხლს, ჰაერს და სულს. ამგვარად ყველაზე მაღალი ქიმი უკავშირდება მიწას, ზედა მარცხენა – წყალს, ზედა მარჯვენა – ცეცხლს, ქვედა მარცხენა – ჰაერს, ქვედა მარჯვენა კი – სულს. პითაგორას მიმდევრები ამ სიმბოლოს HUGIEIA-ს უწოდებენ, რაც წარმოადგენს 3 სიტყვის – “ჯანმრთელობა”, “სისრულე” და “დალოცვა” -ერთიანობას და თვლიან, რომ ჰუგიეია ასევე ქალღმერთ ჰიგეიას სიმბოლოა. თავად სახელი HGIEIA წარმოადგენს ანაგრამას და წარმოადგენს სწორედ 5 სტიქიის ნაზავს.

ქრისტიანობაშიც გააჩნდა პენტაგრამას გარკვეული დატვირთვა. პირველ საუკუნეებში იგი მიჩნეული იყო ქრისტეს სიმბოლოდ. ასევე აღნიშნავდა სამების (მამა, ძე და სული წმინდა) და ქრისტეს ორსახოვნების (ღვთიური და ადამიანური) ერთიანობას. მის 5 ქიმს უკავშირებდნენ ქრისტეს 5 ჭრილობას. პენტაგრამა აღნიშნავდა იმ ვარსკვლავსაც, რომელმაც მოგვები ჩვილ იესოსთან მიიყვანა და უწოდებდნენ „ბეთლემის ვარსკვლავს“ ან „სამი მეფის ვარსკვლავს“. ებრაელებისთვის პენტაგრამა აღნიშნავდა ჭეშმარიტებას და მოსეს ხუთწიგნეულს, რომელიც მან ღმერთისგან მიიღო. თავად რომაელმა იმპერატორმა კონსტანტინე I-მა კი პენტაგრამა გამოიყენა თავის ბეჭედსა და ამულეტში, რადგან თვლიდა, რომ სწორედ ამ სიმბოლოს წყალობით აღმოაჩინა ჭეშმარიტი რწმენა და მიიღო ქრისტიანობა.

კაბალისტები პენტაგრამის ქიმებზე ებრაულ ასოებს წერდნენ, რომლებიც მთლიანობაში ღმერთის სახელს (TETRAGAMMATON) ქმნიდა. ცნობილი კაბალისტის, გერშომ შოლემის ვერსიის თანახმად კი შუა საუკუნეების ევროპელმა ჯადოქრებმა ამ სიმბოლოს შესახებ გაიგეს არაბული მანუსკრიპტებიდან, სადაც იგი მოხსენიებული იყო, როგორც „მეფე სოლომონის ბეჭდები“.

გნოსტიკების თილისმებზე გამოსახული პენტაგრამა აღნიშნავს ინტელექტუალურ ყოვლისშემძლეობას. როგორც ელიფას ლევი წერს, „პენტაგრამა, რომელსაც გნოსტიკურ სკოლებში მოიხსენიებენ „ცეცხლოვანი ვარსკვლავის“ სახელით, არის ინტელექტუალური ყოვლისშემძლეობის ნიშანი; ეს არის ჯადოქრების ვარსკვლავი; ეს არის სიტყვა, რომელმაც შექმნა სხეული, და მისი სხივების მიმართულების შესაბამისად ეს აბსოლუტურად მაგიური სიმბოლო წარმოადგენს ან წესრიგს, ან უწესრიგობას, ორმუზდის და წმინდა იოანეს საღმრთო კრავს ან მენდესის დაწყევლილ თხას. ეს არის კურთხევა ან შებღალვა; ეს არის ლუციფერი ან ვენერა, ვარსკვლავი დილის ან საღამოსი. ეს არის მარიამი ან ლილითი, გამარჯვება ან სიკვდილი, დილა ან ღამე. პენტაგრამა ორი აღმავალი ქიმით წარმოადგენს ე.წ “სატანას“ თხის სახით შაბაშზე; როდესაც აღმართულია ერთი ქიმი – ეს მფარველის ნიშანია.“

თუკი პენტაგრამაში ჩავსვამთ ადამიანის ფიგურას და დავაკავშირებთ მას 5 სტიქიასთან, მივიღებთ მიკროკოსმოსის გამოსახულებას. ეს არის სრულყოფილი ადამიანის, ანუ ეზოთერიკოსის სიმბოლო, ვინაიდან მიჩნეულია, რომ „ყოველი კაცი და ყოველი ქალი არის ვარსკვლავი“. 5 ქიმი ამ შემთხვევაში ასახავს 5 ადამიანურ სათნოებას: სიყვარულს, სიბრძნეს, სიკეთეს, სამართლიანობას და ჭეშმარიტებას. ეს არის ასევე „მატერიალურ სამყაროში სულიერი სამუშაოს“ სიმბოლო, იგივე “სულიერის გამარჯვება მატერიალურზე”. პირველად ამის შესახებ დაწერა ცნობილმა ოკულტისტმა კორნელიუს აგრიპამ 1531 წელს თავის „ოკულტური ფილოსოფიის“ მეორე წიგნში. ამ სიმბოლოს მან „აგრიპას პენტაკლი“ უწოდა.

                                                 19369827_487474284924679_1008045316_n

XIX საუკუნეში პენტაგრამის გამოსახულება გაჩნდა ტაროს არკანებზეც და იგი მოხსენიებულია „პენტაკლად“. პენტაკლი წრეში ჩასმულ პენტაგრამას ეწოდება და სწორედ ეს ნაირსახეობა გამოიყენება მაგიურ რიტუალებში, მკითხაობის დროს და შელოცვების წარმოთქმისას. კელტები თვლიდნენ, რომ პენტაკლი ქალღმერთ მორიგანის სიმბოლო იყო, ვიკანები და პაგანები კი ამ სიმბოლოს რიტუალების დროს ჰაერში გამოსახავენ სპეციალური ხანჯლით. მათთვის ეს ღვთაებრივი ცოდნის განსახიერებაა.

დასავლური ეზოთერული ტრადიციების მიხედვით, სწავლის დასაწყისში ჯადოქარს უნდა შეეცნო პენტაგრამის საიდუმლო და დაუფლებოდა მის რიტუალს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი თვითგანვითარების ბილიკს ვერ გაუყვებოდა და ყოველი მცდელობა წარმატების მიღწევისა ფუჭად ჩაივლიდა.

დღესდღეობით პენტაგრამა ერთერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიმბოლოა როგორც სხვადასხვა რელიგიურ, ასევე ეზოთერულ მიმდინარეობებში. იგი გვხვდება სხვადასხვა ერებსა და კულტურაში, ოკულტურ-მაგიურ განხრებში, ეზოთერულ გაერთიანებებში და ა.შ. მას გამოსახავენ თილისმებზე, ამულეტებზე, პერგამენტზე, ხეზე და ზოგადად სხვადასხვა სახის მაგიურ ატრიბუტიკაზე…

მაშ, რა საერთოა ილუმინატების სიმბოლოებსა და პენტაგრამას შორის?