ქართველი ილუმინატების ორდენის წარმომადგენლის ინტერვიუ (ნაწილი პირველი)

16997409_426048164400625_483922343_n1

ინტერვიუ გამოქვეყნდა საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემა “მედია თავისუფლება”-ზე 2017 წლის 24 თებერვალს.

მსოფლიოს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, უამრავ ფაქტს ვნახავთ მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა ორდენებზე. ყველამ თუ არა, მათმა უმრავლესობამ განვლო რამდენიმე ეტაპი და დაასრულა საკუთარი ისტორია, თუმცა, მსოფლიოში დღემდე არსებობს ორდენი, რომელმაც გამოიარა ინკვიზიცია, დევნა, საბჭოური და ფაშისტური არაადამიანური სისასტიკე, მაგრამ უამრავი წინააღმდეგობის, დაპირისპირების და მათ წინააღმდეგ გაჩაღებული დაუნდობელი ომის მიუხედავად გადარჩა, მოაღწია ჩვენამდე,  XXI საუკუნემდე, და განაგრძობს მოღვაწეობას.

ილუმინატები – საქართველოში და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ორდენი, რომლის გარშემოც არ წყდება კითხვების ნაკადი, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში. ზოგი თავს არიდებს ამ თემაზე საუბარს, ზოგიც ინტერესით ადევნებს თვალს ინფორმაციას, რომელიც ილუმინატების ორდენს ეხება. მათზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს და სტატიებს, ყველას აინტერესებს ის, რაც ყველასთვის (ან უმრავლესობისთვის) დაფარული და მიუწვდომელია. როგორც ჩვენი რესპოდენტი აცხადებს, ილუმინატებზე საქართველოში არ არსებობს ღირებული ინფორმაცია და ისინი, საზოგადოებისთვის სხვა სასარგებლო საქმიანობებთან ერთად, ეწევიან სამუშაოს, რომ აამაღლონ ცნობიერება ილუმინატების ორდენის შესახებ.

ყველა საუკუნეში ინტერესის ქვეშ ექცეოდნენ ორდენები. ჩვენ ჩავატარეთ ჟურნალისტური კვლევა და დავადგინეთ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი ინტერესი ილუმინატების ორდენის მიმართ არსებობს და ინტერვიუსთვის დავუკავშირდით „ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“-ს წარმომადგენელს. უნდა ვაღიაროთ, რომ გაგვიჭირდა მათი ინტერვიუზე დათანხმება, თუმცა, მოლაპარაკებების შემდეგ ინტერვიუ შედგა. რესპოდენტთან საუბრის შემდეგ მივხვდით, რომ ერთ ინტერვიუში მთელი მასალის ჩატევა შეუძლებელი იქნებოდა. მასალის მოცულობიდან და თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ინტერვიუს რამდენიმე ნაწილად დაყოფა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015-2016 წლებში რამდენიმე მედია საშუალებით გავრცელდა ილუმინატების ღია წერილი, თუმცა, საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემა „მედია თავისუფლება“ ქართულ მედია სივრცეში პირველია, რომელმაც მოიპოვა „ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“-ს წარმომადგენლის ინტერვიუ.

„ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“-ს ვებგვერდი Link: 

https://illuminati.ge/

„ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“-ს Facebook გვერდი Link: 

https://www.facebook.com/GeorgianIlluminati/

წარმოგიდგენთ ინტერვიუს პირველ ნაწილს:

– მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. როგორც ცნობილია, ილუმინატები იკრიბებით „კაპიტოლიუმში“. ჩვენი საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემის დიდი სურვილი იყო, კაპიტოლიუმში ჩაგვეწერა ინტერვიუ, თუმცა, თქვენგან უარი მივიღეთ. რა იყო ამის მიზეზი?

– ეს შესაძლებელი იქნებოდა უახლოეს წარსულში, თუმცა, მას შემდეგ მოხდა ცვლილებები.

– მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა, თუ ინტერვიუს დავურთავდით თქვენს ფოტოს, მაგრამ უარი თქვით სახის გამოჩენაზე. საზოგადოებას ღიად რატომ არ ენახვებით?

– თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, ამხილოს საკუთარი თავი, რომ არის წევრი ორდენში. ასევე თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, დარჩეს ინკოგნიტოდ და ჩვენ ამ უფლებას ვიყენებთ, რადგან თუ არ შევინარჩუნებთ ანონიმურობას, შესაძლებელია ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა ან ჯგუფებმა მოაწყონ საპროტესტო აქცია ჩვენს სახლებთან და სამსახურებთან. უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ქართული საზოგადოება ამისთვის ჯერ არ არის მზად, თუმცა, საქართველოში დადგება დღე, როდესაც გამოვჩნდებით ღიად, სახის დაფარვის და კონსპირაციის გარეშე. მაგრამ დღეს ვმოქმედებთ ისე, როგორც დღეს არის საჭირო.

– სად და როდის დაარსდა ილუმინატების ორდენი?

– 1776 წლის 1 მაისს გერმანელი ფილოსოფოსის და ინგოლშტადტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის იოჰან ადამ ვაისჰაუპტის მიერ ბავარიაში დაფუძნდა “ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი. ეს მოხდა XVIII საუკუნეში, როდესაც მსოფლიო სიბნელეში იყო ჩაძირული, არანაირი ფასი არ ჰქონდა ადამიანის სიცოცხლეს და კათოლიკური ეკლესია დევნიდა პროგრესულად მოაზროვნე ინდივიდებს. “ბავარიელ ილუმინატებს“ კი სურდათ, რომ აღარ ყოფილიყო რელიგიური დისკრიმინაცია, რასიზმი, პოლიტიკური იდეოლოგიის გამო დაპირისპირებები და ადამიანთა დევნა. ვაისჰაუპტის მიზანი იყო, ხალხში დაემკვიდრებინა საერთო თავისუფლება. ის ამბობდა, რომ ორდენი არ ემსახურებოდა რამე გაერთიანებას ან დემოკრატიის დამყარებას, ასევე მას არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური ინტერესი.  თავიდან ორდენი სულ 5 წევრისგან შედგებოდა, თუმცა, ელიტარულმა საზოგადოებამ დაიმსახურა ინტელიგენციის ყურადღება. იქ გაწევრიანდნენ მეცნიერები, პროფესორები, საზოგადო მოღვაწეები და რიგითი მოაზროვნე ინდივიდები. დაარსებიდან მოკლე დროში “ბავარიელი ილუმინატების“ რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა და ორდენმა ევროპის ყველა ქვეყანაში გაგზავნა წარმომადგენლები. კათოლიკურ ეკლესიაში მიხვდნენ, რომ ეს იყო ახალი, ნათელი ეპოქის დასაწყისი და მათაც არ დააყოვნეს. ძალაუფლების დაკარგვის შიშით მიმართეს ანტიპროპაგანდას, ორდენის გარშემო ააგორეს ჭორები, რომ თითქოს ისინი ებრძოდნენ სახელმწიფოს და სარწმუნოებას, ხოლო 1787 წელს ხელისუფლებისა და კათოლიკური ეკლესიის შეთანხმებით გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა “ბავარიელი ილუმინატების“ წინააღმდეგ. დაიწყო ორდენის წევრთა დევნა, სიკვდილით დასჯა, ორდენის დარბევები. ამან განაპირობა ილუმინატების არქივის განადგურება, სადაც ინახებოდა საიდუმლო ინფორმაცია, სამეცნიერო და ფილოსოფიური ნაშრომები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ჩვენ ვფიქრობთ, ეს მასალები რომ არ განადგურებულიყო, მსოფლიო იქნებოდა უფრო განვითარებული, ვიდრე დღეს არის. მოგვიანებით ელიტარული საზოგადოების ნაწილი იატაკქვეშეთში წავიდა, რათა გერმანიაში საიდუმლოდ გაეგრძელებინათ მოღვაწეობა. ნაწილმაც დატოვა გერმანია და თავი შეაფარა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას, ზოგიც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა. ამ მძიმე პერიოდის შემდეგ “ილუმინატების ორდენმა“ მალევე დაიწყო ევროპულ ქვეყნებში აღორძინება და ნელ-ნელა მთელს მსოფლიოში გავრცელდა და გაძლიერდა. არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციასთან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც ჩვენი მოსაზრებით, საუბარია ილუმინატების მიგრაციაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და თუ დაინტერესდებით, შემიძლია მოგაწოდოთ ეს დოკუმენტი.

– რა სახის პროექტებს ახორციელებს ილუმინატების ორდენი?

– ორდენმა შესაძლებელია განახორციელოს საქველმოქმედო პროექტი კულტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, ფილოსოფიური, ეზოთერული, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობების ხელშეწყობისათვის. არ არის აუცილებელი, ეს ორდენის სახელით გაკეთდეს. დასაშვებია, რომ ილუმინატებმა მსგავს პროექტებს საფუძველი ჩაუყარონ საერთაშორისო ან რომელიმე რიგითი საქველმოქმედო ფონდების და არა სამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზატორობით.

– ილუმინატების ორდენი ერევა პოლიტიკურ პროცესებში?

– ადამიანი, რომელიც არის საძმოს წევრი, შესაძლებელია იყოს პოლიტიკური მოღვაწე, სასულიერო პირი, მეცნიერი, ფილოსოფოსი, ხელოვანი ან რომელიღაც რიგითი სკოლის რიგითი პედაგოგი ან არც ერთი და არც მეორე, თუმცა, ორდენი არ ერევა პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებში. დაუშვებელია ილუმინატების ორდენის სახელით რელიგიური და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.

– როგორია თქვენი მიზნის მიღწევის სტრატეგიული გზები?

– ზოგადად გიპასუხებთ: ორდენმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია, განახორციელოს ნებისმიერი სახის ქმედება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მიზნების მიღწევას.

– რას ემსახურებით ილუმინატები?

– ილუმინატები არ ვმსახურობთ, ილუმინატები ვშრომობთ. იყო ორდენის წევრი, იყო ილუმინატი, ეს არის ცხოვრების წესი. ჩვენ ვშრომობთ ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ორდენისთვის. ილუმინატები ორდენში ვიკრიბებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისათვის და საკუთარი აზრების ურთიერთგასაცვლელად, ვმსჯელობთ, რისი გაკეთებაა საჭირო და ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. საკუთარი მაგალითით მოვუწოდებთ ორდენის წევრებს ურთიერთგაგებისკენ, გაჭირვებულთა დახმარებისკენ და სიკეთისკენ. ხელს ვუწყობთ მოსახლეობის მოტივირებას განათლების დონის ამაღლების საკითხში. ჩვენთვის უპირობოდ აუცილებელია, დავიცვათ საკუთარი წესები, რადგან თუ ასე მოვიქცევით, შევძლებთ უდიდესი წვლილის შეტანას საზოგადოების განვითარებაში.

– ვინ შეიძლება გახდეს ილუმინატების ორდენის წევრი, მაგალითად, ორდენში თუ დაიშვებიან ქალები, ქრისტიანები, ათეისტები ან სხვა აღმსარებლობის ადამიანები?

– ილუმინატების ორდენში არის თანასწორობა. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, თუ იგი არის სრულწლოვანი, აქვს უფლება, მოგვმართოს ორდენში გაწევრიანების მოთხოვნით. არავის შეიძლება უარი ეთქვას ორდენში წევრობაზე კანის ფერის, სქესის, წარმომავლობის, ეთნიკური კუთვნილების ან პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებების გამო. ილუმინატების ორდენი არის კაცების და ქალების ერთობა. ჩვენთან შესაძლებელია იყვნენ ქრისტიანები, ბუდისტები, ათეისტები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები. პროცესი ასეთია: დაინტერესებულს შეუძლია, გაწევრიანების მოთხოვნით მიმართოს ორდენის რომელიმე წევრს, თუ, რა თქმა უნდა, პირადად იცნობს მას. სხვა შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდეს ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის საშუალებით და გამოგვიგზავნოს პირველადი დოკუმენტაცია, რომლის მიღებისთანავე იწყება “წინაპირობის გზა“. გარკვეული ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ ჩვენი მხრიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში მტკიცდება პრეტენდენტის როლი ორდენში და გაწევრიანების შემდგომ დაეკისრება მხოლოდ იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც საუკეთესო და სასიკეთო იქნება მისთვის. ყველა აპლიკანტთან ვდებთ ჯენტლმენურ შეთანხმებას, რომ ჩვენი საუბრის შესახებ ვერავინ გაიგებს.

– „წინაპირობის გზაზე“ ვრცელი საუბარი საინტერესო იქნება მკითხველისთვის, ამიტომ ამ თემას ინტერვიუს სხვა ნაწილში დავუბრუნდებით. მანამდე მოდით, ვისაუბროთ, როდის შემოვიდა საქართველოში ილუმინატების ორდენი?

– 200 წლის წინ რუსეთის იმპერატორმა გამოსცა პროგრამული ხასიათის წერილობითი მიმართვა, რომლის მიხედვითაც გერმანელებს იმპერიის მიწებზე დასახლების შემთხვევაში ექნებოდათ პრივილეგიები. მათ უნდა გადასცემოდათ მიწები, გათავისუფლდებოდნენ სამხედრო სამსახურისგან და ექნებოდათ თავისუფალი აღმსარებლობის უფლება, ანუ იმპერატორი შეპირდა რელიგიურ თავისუფლებას. პირობები გერმანელებმა მოიწონეს და 1817 წლის 21 სექტემბერს ვიურტემბერგელი შვაბები ჩამოვიდნენ თბილისში და გერმანელების შემოსვლით დაიწყო ილუმინატების ორდენის დაარსების ისტორია საქართველოში. მათ შორის იყვნენ “ბავარიელი ილუმინატების“ შთამომავლები. ეს მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ 1776 წლიდან 1817 წლამდე  41 წელი იყო გასული და შეიძლება არა მხოლოდ შთამომავლები, არამედ თავად “ბავარიელი ილუმინატების“ ნაწილიც ყოფილიყო მათ შორის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე დააფუძნეს ილუმინატების გერმანული ორდენი და მას “გერმანული ერთობა“ უწოდეს. თავიდან ორდენში მხოლოდ გერმანელები იყვნენ, შემდგომში ქართველებმაც დაიწყეს გაწევრიანება. XIX საუკუნეშივე ქართველები საძმოს წევრებთან შევიდნენ წინადადებით, რომ მათ სურდათ, ყველა ქართველი გამოყოფოდა “გერმანულ ერთობას“  და შექმნილიყო ილუმინატების ქართული ორდენი. გერმანელებს კარგად ესმოდათ, რომ ქართველების მოთხოვნა ლეგიტიმური იყო, თუმცა, ორდენის ორად გახლეჩა არც ერთ მხარეს არ უნდოდა. დიდი შრომის და მრავალი მოლაპარაკებების შემდეგ, ისე, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის ინტერესები, შედგა XIX საუკუნის უდიდესი შეთანხმება. “გერმანული ერთობა“ შეიცვალა და ჩამოყალიბდა “ქართველთა და გერმანელთა ერთობა, ილუმინატების ქართული ორდენი“. მისი წევრები XIX საუკუნეშიც იყენებდნენ კონსპირაციას და საიდუმლოდ მოღვაწეობდნენ საქართველოში. ხოლო მომდევნო საუკუნეში საბჭოთა კავშირმა განაგრძო ილუმინატების დევნა და 1941 წლამდე ყველა ილუმინატი, რომელთა იდენტიფიცირებაც შეძლეს, გადაასახლეს საქართველოდან. დაახლოებით იმავე პერიოდში დაიშალა “ქართველთა და გერმანელთა ერთობა“. საბჭოთა კავშირი აკეთებდა ყველაფერს, რომ გაენადგურებინა ორდენის არსებობის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი. ქართველი ილუმინატების იმ ნაწილმა, რომელიც გადაურჩა გადასახლებას (და გადაურჩა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ მოახდინა მათი იდენტიფიცირება), „ქართველთა და გერმანელთა ერთობის“ დაშლის შემდეგ შეიმუშავეს ინფორმაციის ზეპირი ფორმით გადაცემის გეგმა.

– როგორი იყო ეს გეგმა, რა მეთოდებს მიმართეს ქართველმა ილუმინატებმა?

– მათ, ვინც გადაურჩა გადასახლებას, დიდი შრომის შედეგად შეძლეს და საბჭოთა კავშირის პერიოდში საიდუმლოდ დააფუძნეს “ილუმინატების ქართული ორდენი“, რომელიც თითქმის არ ფუნქციონირებდა. მაშინდელი ორდენის არქივები (ვგულისხმობ „ქართველთა და გერმანელთა ერთობის“ არქივებს) ბოლომდე გაანადგურეს ან გადამალეს სპეცსამსახურებმა და მისი ( „ილუმინატების ქართული ორდენის“ ) დაარსების მიზანი სწორედ შთამომავლობისთვის ინფორმაციის ზეპირი ფორმით გადაცემა იყო, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომავალ თაობებს გაეგრძელებინათ ილუმინატის საქმე. ისინი ინფორმაციის გაჟონვისგან მაქსიმალურად უნდა ყოფილიყვნენ დაცულები, ამიტომ ახალ წევრს იშვიათად იღებდნენ. იმ ქართველებს არასდროს დაუკარგავთ ბნელი საბჭოეთის დაცემის და ილუმინატების ორდენის აღდგენის რწმენა და ასეც მოხდა. 2015 წელს დაფუძნდა “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ და 2015 წლიდან დავიწყეთ ჩვენ მუშაობა.

– ვისაუბროთ იმ დასახლებულ პუნქტებზე და შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც ილუმინატებს უკავშირდებათ საქართველოში…

– ილუმინატებს ქართული ქალაქების აღმშენებლობაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. მათ ჰქონდათ იმხელა ცოდნა და გამოცდილება, რომ საქართველოში შემოიტანეს ისეთი ურბანული ქსოვილი, როგორიც ქართველებისთვის უცხო იყო, და ამ ცოდნით და გამოცდილებით ააშენეს ლუქსემბურგი, იგივე კატარინენფელდი, რომელიც დღეს ბოლნისის სახელით არის ცნობილი. ასევე ელიზაბეტალი. იქ გერმანელების ჩასვლამდე ტყე იყო, თუმცა, მათ ის ადგილი ააყვავეს. ელიზაბეტალში დღემდეა შემორჩენილი ლუთერანული ეკლესია, მარანი, აბანო, გერმანული სტილის სახლები და ძველი გერმანული სასაფლაო. სამხრეთ კავკასიაში პირველი დასახლება, მარიენფილდი,  მდებარეობდა სართიჭალასთან ახლოს. იქვე დაარსდა პეტერსდორფი. შეიქმნა კიდევ სამი დასახლება: გნადენბერგი, ნოიდორფი და ლინდაუ. დღეს გნადენბერგს ჰქვია სოფელი ძიგუთა, ნოიდორფს – ახალსოფელი და ლინდაუს – სოფელი ლინდავა. თბილისში კი დაარსდა ნოი ტიფლისი და ალექსანდერსდორფი. თუ არქიტექტურულად შევხედავთ, ორივე დასახლების სტილი იყო ერთნაირი, რადგან იქ აშენდა ფართო სხვენით და მაღალი სახურავებით გამორჩეული სახლები. ნოი ტიფლისის ტერიტორიას განეკუთვნება დღევანდელი მარჯანიშვილის მოედანი, აღმაშენებლის გამზირი და მისი პარალელური ქუჩები, ხოლო დღევანდელი წერეთლის, სამტრედიის, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების ტერიტორია ეკუთვნოდა ალექსანდერსდორფს, რომელიც დააარსეს სოფელ დიდუბეში. ნოი ტიფლისში, მარჯანიშვილის მოედანზე დაიწყო წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ტაძრის (კირხეს) მშენებლობა. სწორედ აქედან მოდის მარჯანიშვილის ქუჩის ძველი სახელწოდება “კიროჩნაია“… რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გაიხსნა ტაძარი, პასტორად აკურთხეს ილუმინატების ორდენის წევრი რიჰარდ მეიერი, თუმცა, 1933 წელს ხელისუფლების ბრძანებით კირხე დაიხურა, რასაც პასტორი მეიერის დახვრეტა მოყვა. აღსანიშნავია, რომ წმინდა პეტრესა და პავლეს  ლუთერანული ტაძარი და თბილისის ქაშვეთის ეკლესია დააპროექტა  ილუმინატების ორდენის წევრმა,  გერმანელმა არქიტექტორმა ლეოპოლდ ბილფელდმა. ასევე ძველი ილუმინატების ორდენის ქართველმა წევრებმა ააშენეს მართლმადიდებლური სამლოცველო. დაუკვირდით, აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არა ილუმინატების ქართულმა ორდენმა, არამედ ილუმინატების ქართული ორდენის წევრებმა ააშენეს მართლმადიდებლური სამლოცველო, რომელიც თბილისისგან მოშორებით, ერთ-ერთ სოფელში მდებარეობს და მისი არსებობის შესახებ დღეს ცოტა ადამიანმა იცის.

– რა საქმიანობას ეწევით დღეს და თუ არის შესაძლებელი თქვენთან ითანამშრომლოს სხვა ორგანიზაციამ ან რიგითმა ადამიანმა, რომელიც არ არის ილუმინატების ორდენის წევრი?

– ჩვენ ვართ ცალკე ინსტიტუცია. ეს არის ორდენი, საძმო, თუმცა, ვისაც აქვს საინტერესო პროექტი და გამოიჩენს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, შეუძლია მოგვმართოს და გაგვაცნოს თავისი იდეები. თუ დავინტერსდებით, დავუკავშირდებით და შევთანხმდებით ისეთ პირობებზე, რომ არც ერთი მხარის ინტერესი არ დაზიანდეს. რაც შეეხება ორდენის საქმიანობას, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა რეგიონებში დავაფუძნოთ ილუმინატის კაპიტოლიუმი, რათა ადგილობრივებმა დედაქალაქში ჩამოსვლის გარეშე გაიარონ გასაუბრება და გაწევრიანდნენ ორდენში. ვმუშაობთ, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ილუმინატების ისტორია და გავუღრმავოთ ცოდნა ორდენის შესახებ.

– თქვენთან დაკავშირებით არსებობს ჭორები, რომ იყენებთ მაგიას, ებრძვით რელიგიას და ა.შ. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

– XXI საუკუნეშიც არსებობენ სენსაციების მაძიებელი ე.წ მწერლები და ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი ე.წ. წიგნებით და ე.წ. სტატიებით ცდილობენ, წინა საუკუნეებში შეთხზული შავბნელი ჭორების წინა პლანზე წამოწევას. რეალურად მათი “ნაშრომები“ სკანდალური თემით ორიენტირებულია მხოლოდ გაყიდვადობაზე, რადგან ასეთ წიგნებს არანაირი ისტორიული ან მეცნიერული ღირებულება არ გააჩნიათ, თუმცა, ხალხის ნაწილს მათი სჯერა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ ჟურნალისტებს და მწერლებს მალე მოუწევთ პენსიაზე გასვლა, რადგან მათი მიმდევრების რაოდენობა მცირდება.

– ვინ არიან დღეს საქართველოში ილუმინატების მტრები?

– ჩვენ საქართველოში და ცივილურ ქვეყნებში მტრები არ გვყავს, თუმცა, ზოგადად გეტყვით, ილუმინატებს ებრძვიან იქ, სადაც ებრძვიან თავისუფლებას, პროგრესს, სინათლეს და განვითარებას. ეს ასე იყო საბჭოთა კავშირში, ისლამისტურ ქვეყნებში და ფაშისტურ გერმანიაში, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ვალდებულები, ისე ვიფიქროთ, როგორც სხვას სურს.

– რა დამსახურება აქვთ ილუმინატებს მსოფლიოს წინაშე და რატომ უნდა ენდოს საზოგადოება ილუმინატების ორდენს?

– ცივილური მსოფლიო დაფუძნებულია სწორედ ილუმინატების ღირებულებებზე. ბავარიელი ილუმინატების ორდენის დაარსების დღიდან მისი წევრები შრომობდნენ, რათა დაემკვიდრებინათ ადამიანის უფლებები და თავისუფლებანი, ხალხს ჰქონოდა პროგრესის, განვითარების, მეტი ცოდნის მიღების შესაძლებლობა. შრომობდნენ, რათა ადამიანის სიცოცხლე, სიტყვის თავისუფლება და მშვიდობა ყოფილიყო უმთავრესი ღირებულებები. ყველაფერი, რაზეც ვისაუბრე, არის ნაწილი იმ ღირებულებების, რასაც ჯერ კიდევ 241 წლის წინ აღიარებდნენ ილუმინატები და შემდგომში ამ ღირებულებებზე უკვე ცივილური ქვეყნის ლიდერები ალაპარაკდნენ. სწორედ ამ ღირებულებების გამო იდევნებოდნენ ჩვენი ძმები და საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ პლანეტას. ეს ისტორიაა და ამას გვერდს ვერ ავუვლით.

– საზოგადოებასთან ურთიერთობის რა საშუალებებს იყენებთ?

– 1 მაისს თითოეული ილუმინატი საზეიმოდ აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ გადავწყვიტეთ, სიურპრიზი გაგვეკეთებინა საზოგადოებისთვის და 2016 წლის 1 მაისიდან საფუძველი ჩავუყარეთ მოქალაქეთა მიღების საათებს. მოქალაქეთა მიღების საათებზე მოსულ სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა, კულტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობების ხელშეწყობის მიზნით გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, შეხედულება, თუ რაში ხედავენ ისინი პერსპექტივას. ასევე სოციალურ ქსელებში გვაქვს ორდენის გვერდი სახელწოდებით “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დაგვიკავშირდეს და ონლაინ რეჟიმში მიიღოს პასუხები. ხოლო 2015 წელს შეიქმნა ვებგვერდი – illuminati.ge , რომელიც ყველას აძლევს საშუალებას, გაეცნოს მასალებს ილუმინატების შესახებ. ჩვენი ვებგვერდი ქართულ ენაზე საქართველოს ისტორიაში მინიმუმ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ილუმინატებზე ინფორმაციის ერთადერთი ავთენტური და ავტორიტეტული წყაროა. სხვა ყველა ქართულენოვან მასალას, რომელიც ილუმინატების შესახებ ვრცელდება, ქართველი ძმები არ ვცნობთ, მიგვაჩნია სპეკულაციად, ვთვლით ილუმინატების ორდენის დისკრედიტაციის მცდელობად ან ამ საკითხში უცოდინართა მხრიდან ნებით თუ უნებლიედ გავრცელებულ დეზინფორმაციად. ასევე, 2016 წელს ჩვენი საძმოს ერთერთმა წევრმა ფსევდონიმით თორნიკე-ლუკა ქართველიშვილმა გამოსცა ნაშრომი „ილუმინატი – წინაპირობის გზა“, რომელიც საქართველოს ისტორიაში ქართველი ილუმინატი ავტორის პირველი ქართულენოვანი წიგნია ილუმინატების შესახებ.

– მე მადლობას გიხდით, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით და იმედს ვიტოვებთ, რომ შემდეგ ინტერვიუს ილუმინატის კაპიტოლიუმში ჩავწერთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.

მომზადებულია საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემა „მედია თავისუფლება“-ს მიერ