2016 წლის 1 მაისი, ილუმინატის 240 წლის იუბილე

    11181708_1591499904507765_1419034260245635573_n

დღეს – 2016 წლის 1 მაისს შესრულდა 240 წელი “ბავარიელი ილუმინატების“ დაფუძნებიდან, რომელიც მსოფლიოში იყო ილუმინატის პირველი ორგანიზებული ერთობა, როგორც ორდენის, საძმოსი! სრულიად საქართველოს  საზეიმოდ ვულოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს, გისურვებთ მშვიდობას, სიყვარულს და თავისუფლებაში სიყვარულით შრომას თავისუფლებისათვის! 

გულწრფელად თქვენი

“ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“

1 მაისი თითოეული ილუმინატისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან სწორედ 1776 წლის 1 მაისს ბავარიაში გერმანელი ფილოსოფოსის და ინგოლშტადტის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის იოჰან ადამ ვაისჰაუპტის მიერ ჩამოყალიბდა “ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი, რომელიც თავდაპირველად 5 წევრისგან შედგებოდა. ილუმინატების საზოგადოება მალევე გაძლიერდა. იქ გაწევრიანება დაიწყეს მეცნიერებმა, ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და რიგითმა განათლებულმა, ინტელექტუალმა, მოაზროვნე ადამიანებმა.

როდესაც “ბავარიელი ილუმინატების ორდენის“ წევრთა რაოდენობა გაიზარდა, საზოგადოების ხერხემალს “არეოპაგი“ წარმოადგენდა, რომელიც 12 ყველაზე დამსახურებული წევრისგან შედგებოდა. ორდენს ევროპის ყველა ქვეყანაში ჰყავდა წარმომადგენელი. ინტერესი “ბავარიელი ილუმინატების“ მიმართ გაღვივდა, რის შედეგადაც წევრების შერჩევა უფრო მაღალი წრეებიდან გახდა შესაძლებელი. მოგვიანებით დიდების ზენიტში მყოფი ელიტარული საზოგადოების მიმართ, რომელიც 2000-ზე მეტ წევრს ითვლიდა, გაჩნდა ბოღმა, შური, შიში, რამაც გამოიწვია აბსურდული ბრალდებები კათოლიკური ეკლესიის და ბავარიის ხელისუფლების მხრიდან. ილუმინატებს ცილი დასწამეს სახელმწიფო ღალატში და ორდენში გაწევრიანების მსურველებს ბავარიის ხელისუფლება თავის მოკვეთითაც კი დაემუქრა, თუმცა, ამას გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა არ შეუმცირებია. 1787 წელს ხელისუფლებამ უსამართლო ბრძოლა გააჩაღა “ბავარიელი ილუმინატების“ წინააღმდეგ. მრავალი დაპატიმრების და დარბევის შედეგად განადგურდა ილუმინატების არქივი, საიდუმლო ინფორმაცია, სამეცნიერო კვლევები, ფილოსოფიური ნაშრომები, ლიტერატურა და სხვა. მოგვიანებით ელიტარული საზოგადოების ნაწილი იატაკქვეშეთში წავიდა, რათა გერმანიაში საიდუმლოდ გაეგრძელებინათ მოღვაწეობა. ნაწილმაც დატოვა გერმანია და თავი შეაფარა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანას – ზოგმა სკანდინავიის ნახევარკუნძულზე გადაინაცვლა, ზოგიც ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა. ამ მძიმე პერიოდის შემდეგ “ილუმინატების ორდენმა“ მალევე დაიწყო ევროპულ ქვეყნებში აღორძინება და ნელ-ნელა მთელს მსოფლიოში გავრცელდა და გაძლიერდა.

ჩვენ ჩვენი  სათანადო ანალიზის საფუძველზე გაგვაჩნია პირადი მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე (1969-1986 წწ.) და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის 200 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარე ოურენ ე. ბერგერი დაწერილ სიტყვაში, სადაც ის განმარტავს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მნიშვნელობას, იქვე მეორე აბზაცის ბოლო წინადადებაში გულისხმობს ილუმინატთა მიგრაციას აშშ-ის კონტინენტზე:

55 კაცის ნაღვაწმა, 1787 წელს, ფილადელფიაში კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა სამეფო ხელისუფლების ღვთაებრიობის იდეას. თავისუფლებამ, რომელიც ნიაღვრად მოედინება ამ კონსტიტუციისგან, ხელსაყრელ პირობათა მთელი სამყარო შექმნა. მას შემდეგ მოაწყდნენ ჩვენს ნაპირებს ჩაგრულთა და უპოვართა მასები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მათ შორის იყვნენ სხვებიც – განათლებულნი და შეძლებულნი, – რომლებიც ახალ სიცოცხლეს და ახალ თავისუფლებებს ეძიებდნენ ახალ ქვეყანაში.

თავად გერმანელი ფილოსოფოსი და პროფესორი იოჰან ადამ ვაისჰაუპტი 1748 წლის 6 თებერვალს ქალაქ ინგოლშტადტში დაიბადა. მამა 5 წლის ასაკში გარდაეცვალა და იგი გაზარდა ნათლიამ, იოჰან იქსტატმა, რომელიც მამამისის მეგობარი და ასევე სამართალმცოდნეობის პროფესორი იყო ინგოლშტადტის უნივერსიტეტში. ადამ ვაისჰაუპტმა განათლების მიღება 7 წლის ასაკში დაიწყო და 1768 წელს, როდესაც ჯერ მხოლოდ 20 წლის იყო, სამართალმცოდნეობაში დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 4 წლის შემდეგ, 1772 წელს, იგი სამართალმცოდნეობის პროფესორი გახდა. მასზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი წერდა:

როგორც ჩანს, ვაისჰაუპტი თავდადებული ფილანტროპია. ის მიეკუთვნება იმ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ადამიანური ბუნების სრულყოფილების. ის თვლის, რომ დროთა განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარ თავს კონტროლი გაუწიოს, რათა თავისი საქმიანობით პოლიტიკურ ხელისუფლებას არ მისცეს მასზე ზემოქმედების საბაბი. ვაისჰაუპტს მიაჩნია, რომ ადამიანური ბუნების ამაღლება იესო ქრისტეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა. იესო ქრისტე ცდილობდა რელიგიის აღდგენას საკუთარი მორალური პრინციპების გავრცელების გზით, რათა ადამიანებს ესწავლათ თავიანთი შინაგანი სამყაროს მოწესრიგება და რეგულირება. ქრისტეს მცნებები წარმოადგენს ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, ამ მცნებათა შეგონებით კი, იესო ქრისტე იმედოვნებდა, რომ კაცობრიობა დაუბრუნდებოდა თავის ბუნებრივ მდგომარეობას  თავისუფლებასა და თანასწორობას. ვაისჰაუპტი ამბობს, რომ არავის არასოდეს შეუქმნია ისეთი დიდი საფუძველი თავისუფლებისათვის, როგორც იესო ნაზარეველს. ვაისჰაუპტი გვთავაზობს ადამიანური ბუნების სრულყოფას, გაუმჯობესებას, კეთილგონიერების შთაგონებას. ის ამბობს, რომ წარმატების უზრუნველყოფის მიზნით თავს იკავებს ხმაურიანი და შემაშფოთებელი განცხადებებისაგან:

             “ შთამომავლობის ბედნიერების წინასწარ განჭვრეტა და მისთვისნიადაგის შემზადება სხვადასხვა საშუალებებით, სრულიად საკმარისია ჩვენი ბედნიერებისათვის, სულიერ სიმშვიდეს ვერაფერი დაგვირღვევს.“- ამბობდა ადამ ვაისჰაუპტი

             გამომდინარე იქიდან, რომ ვაისჰაუპტი სასულიერო პირთა დესპოტიზმისა და ტირანიის ხანაში ცხოვრობდა, მან იცოდა, რომ ინფორმაციისა და საკუთარი პრინციპების საზოგადოებაში გავრცელების დროსაც კი სიფრთხილე მართებდა. ის ცდილობდა გრადაციის გზით ახალი წევრების გადმობირებას, რათა დაპირისპირებოდა ამ ტირანიას. საბოლოოდ, მისმა შეხედულებებმა გამოიწვია ბავარიიდან განდევნა, ფარული ორგანიზაციის დაშლა და გზა გაუხსნა ბარუელის, მორსეს და რობინსონის ნაბოდვარს, რომლებსაც რეალურად მხოლოდ იმის ეშინოდათ,რომ ვაისჰაუპტისეული მოძღვრებების გავრცელების შედეგად ისინი “თამაშგარე“მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ. ეს თემა ჩემთვის ახალი არ არის, წარმომიდგენია, თქვენ რომ ჩემს ადგილას ყოფილიყავით, მსგავს სიამოვნებას მიიღებდით, რაც მე განვიცადე ამ ანალიზის შექმნისას და მჯერა, დამეთანხმებით  ადამ ვაისჰაუპტს რომ ეცხოვრა აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც არ არის საჭირო არავითარი საიდუმლო მოღვაწეობა ადამიანთა განსწავლისათვის, მას არ დასჭირდებოდა ეს ფარული მექანიზმები საკუთარი მიზნის მისაღწევად.”

ხოლო ვაისჰაუპტზე ექიმი ტონი ფეიჯი წერს:

ვაისჰაუპტის მიზანი იყო, ილუმინატის წევრები ყოფილიყვნენ მორალურად და ჰუმანურად უმაღლეს საფეხურზე, ამასთან ერთად, მიეღოთ უმაღლესი დონის განათლება. სწორედ ამის შედეგად შეძლებდნენ, მოეპოვებინათ ძალაუფლება და პატივისცემა გარშემომყოფთაგან. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ნებისმიერი მიმართულებით – მეცნიერული, ფილოსოფიური, კულტურული, სპორტული და ა.შ. ისინი აუცილებლად მოახდენენ კეთილგანწყობის მოპოვებას საზოგადოებისგან. იმ დროისთვის მისი ეს ჩანაფიქრი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი აღმოჩნდა, რადგან იოჰან ადამ ვაისჰაუპტს არანაირი ბოროტული გეგმა არ ამოძრავებდა, თითქოს ამ ყველაფერს გულუბრყვილობით აკეთებდა. მისი ოპტიმიზმი ყველასათვის გასაკვირი იყო. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ადამიანი, რომელსაც სურდა დაემკვიდრებინა სამართალი, გახდა ერთერთი ყველაზე საძულველი ფიგურა 21 საუკუნისა.

ილუმინატი (ლათ. ILLUMINATI – „განათლებული“) ევოლუციის, პროგრესის, განვითარების, წინსვლის, ერთიანობის და სიკეთის საკუთარი მიმართულებაა. ილუმინატი მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ინდივიდუალურად ქმნიდა და იღებდა მასალებს სხვადასხვა წყაროებიდან და გარდაქმნიდა ჰარმონიულ მთლიანობად. აქ შეიძლება შეხვდეთ უდიდეს მეცნიერებას, ფილოსოფიას, ჰიპოკრატეს ფიცის იდეალებს, ინდიელი მამაკაცის კოდექსის იდეალებს, როგორც საკუთარი თავის, ოჯახის, ქალის, ბავშვის და ბუნების მიმართ პატივისცემის უმაღლეს მორალურ პრინციპებს და სხვას…

ილუმინატი არის “მხოლობითიც“ და “მრავლობითიც“, ასე ვთქვათ: ყველა ერთია და ერთი ყველაა. “ილუმინატების ორდენი“ არის რჩეული ნაწილი განათლებული, პროგრესული ინდივიდების. ის ასევე შეიძლება იყოს რჩეული ნაწილი პოლიტიკური ლიდერების, ბიზნესმენების, გამრთობების და სხვა გავლენიანი ადამიანებისა დედამიწის ზურგზე. ამ ხალხის გაერთიანება ხდება ერთი დიდი იდეის – სიკეთის კეთების აუცილებლობის, სიყვარულის და თავისუფლების გარშემო. ყველა ადამიანი ერთნაირად თავისუფალია და ერთი უფლებები უნდა გააჩნდეს მიუხედავად წარმომავლობის, რასის, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის. ადამიანთა მოდგმა ერთი მთლიანი სხეულია. თუ არ გავუფრთხილდებით “უმცირესს“ “უდიდესში“, აღმოვჩნდებით მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

საძმო მოღვაწეობის მრავალ საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ის აერთიანებდა სხვადასხვა სფეროს გავლენიან წევრებს. ილუმინატები საუკუნეების მანძილზე იყვნენ საუკეთესო მეცნიერები, ხელოვანები, ფილოსოფოსები, კომპოზიტორები, არქიტექტორები, მშენებლები და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები. თითოეული ილუმინატი არის განათლებული, მოწესრიგებული, ადამიანთა მიმართ პატივისცემით განწყობილი და სამშობლოს ერთგული. იმისათვის, რომ სამუშაო გაგრძელდეს წარმატებით, ზოგიერთ ქვეყანაში არის საჭირო ანონიმურობა და დღემდე ეს ერთერთი აუცილებელი მოთხოვნაა; როგორც წევრები, ასევე სამუშაოს კეთება უნდა იყოს ანონიმური.

მცირე ინფორმაციას თუ ნახავთ ილუმინატიზე ისტორიულ წიგნებში ან დოკუმენტებში. ეს იმიტომ, რომ მათი მოქმედება სიმბოლოებით გამოისახება და მოქმედი პირები ანონიმურობას იცავდნენ სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა, საქმიანობა დღემდე გრძელდება, ამიტომ დღესაც, ვინც მოისურვებს გაწევრიანებას, უნდა იცოდეს რომ ნებისმიერ წევრს აქვს უფლება საკუთარი თავის მხილების, რომ არის წევრი ორდენში, მაგრამ არცერთ წევრს არ აქვს უფლება, ამხილოს ორდენის, საძმოს სხვა წევრი.

2015 წელს “ქართველი ილუმინატები – საქართველოს დიადმა, ეროვნულმა ორდენმა“ მოიპოვა ავტორიზაცია საქართველოში და საკუთარი იურისდიქცია გამოაცხადა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამის შემდეგ „ილუმინატიმ“ შეძლო, გაემყარებინა ურთიერთობა რიგით მოქალაქეებთან. ეს აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, ვინაიდან დღესდღეობით, როცა დედამიწაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ყველგან არის საჭირო, არსებობდეს “ილუმინატების ორდენი.“

საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი საქართველოს ისტორიაში მინიმუმ უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ილუმინატებზე ინფორმაციის ერთადერთი ავთენტური და ავტორიტეტული წყაროა. სხვა ყველა მასალას, რომელიც ილუმინატების შესახებ ვრცელდება ქართულ ენაზე, ქართველი ძმები არ ვცნობთ, მიგვაჩნია სპეკულაციად, ვთვლით “ილუმინატების ორდენის“ დისკრედიტაციის მცდელობად, ან ამ საკითხში უცოდინართა მხრიდან ნებით თუ უნებლიედ გავრცელებულ დეზინფორმაციად და ა.შ. . ილუმინატების ორდენი არის სიტყვათა და ქმედებათა მეცნიერება, როგორც ასეთი. ჩვენ ისე ვექცევით სხვას, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდენენ სხვები და ეს თითოეული ჩვენთაგანისთვის ცხოვრების ერთერთი მთავარი პრინციპია. თითოეულ წევრს მოვუწოდებთ სამართლიანობისკენ, სიკეთისკენ, ურთიერთგაგებისკენ, თანაგრძნობისკენ, ვასწავლით გაჭირვებულთა დახმარებას, ადამიანებზე ზრუნვას, ვაძლიერებთ მის სწრაფვას განათლებისკენ და ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და ერთიანობაა. ორდენში არის ოთხ გრადუსიანი სიმბოლური დაყოფა:

ა) განდობილი.

ბ) შეგირდი.

გ) დამხმარე მინერვალი.

დ) განათლებული მინერვალი.

ორდენს მართავს ჩვენი შემადგენლობიდან არჩეული ყოვლად ღირსეული მინერვალი. არის კიდევ ხუთიდან ზემოთ სხვა გრადუსებიც, თუმცა, სავალდებულო მეოთხე გრადუსზე ასვლაა. ყოველი ახალი გრადუსის  მინიჭებამდე წევრმა უნდა ისწავლოს რაღაც ახალი და სასურველია მონაწიელობა მიიღოს სასარგებლო საქმიანობაში.

„ქართველი ილუმინატები –  საქართველოს დიადი, ეროვნული ორდენი“ არ წარმოადგენს რელიგიურ ან პოლიტიკურ გაერთიანებას, არც საკუთარი წევრების რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსი, ეთნიკური კუთვნილება, კანის ფერი და სქესი აინტერესებს. ორდენში ყველა თანასწორია. როდესაც წევრები იკრიბებიან ილუმინატის კაპიტოლიუმში, აკრძალულია პოლიტიკურ და რელიგიურ საკითხებზე საუბარი, ვინაიდან ილუმინატები შესაძლებელია იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფებიდან. ასეთმა საუბრებმა კი შეიძლება ხელი შეუშალოს და-ძმურ დამოკიდებულებას. არაეთიკურად არის მიჩნეული და დაუშვებელია ორდენის სახელით პოლიტიკური ან რელიგიური განცხადების გაკეთება, ვინაიდან ორდენი არ საუბრობს რელიგიასა და პოლიტიკაზე. ორდენი უკრძალავს საკუთარ წევრებს, ორდენის სახელით, ადამიანის რწმენაზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას, ვინაიდან ამას მივიჩნევთ დანაშაულად.

ილუმინატი გრძნობათა და საქმეთა ერთობაა. ის არის გრძნობა, განცდა და შეგნება თავისუფლების, ძმური ერთობის, სიყვარულისა და სიკეთის. ილუმინატი გახლავთ საქვეყნო საქმისთვის და საქვეყნო საქმე არის ილუმინატი, რომელიც ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე, მის განვითარებაზე, იღწვის პროგრესისთვის და მუდმივად მიისწრაფვის მეტი ცოდნისკენ. ჩვენ ვაღიარებთ სიცოცხლეს და თავისუფლებას უდიდეს ღირებულებად. ჩვენ არ ვემსახურებით ქვეყანაში დემოკრატიის ან კონსტიტუციური მონარქიის დამყარებას რადგან მიგვაჩნია რომ ორივე შემთხვევაში შესაძლებელია საერთო თავისუფლება და აღმოფხვრა რელიგიური დისკრიმინაციის, რასიზმის, პოლიტიკური იდეოლოგიის გამო დაპირისპირებების და ა.შ. ჩვენ, “ქართველი ილუმინატები – საქართველოდ დიადი, ეროვნული ორდენი“ საქართველოში ვართ ერთადერთი იდეური სამართალმემკვიდრე საერთაშორისოდ ცნობილი და აღიარებული “ბავარიელი ილუმინატებისა.“

 

ძმობით, ერთობით, სიყვარულით ვარსკვლავებისკენ!