შუა საუკუნეების ქართველებზე წერდა ჟაკ დე ვიტრი

xelit-cerili-gandzi

 

ჟაკ დე ვიტრი, იერუსალიმის ლათინი პატრიარქი შუა საუკუნეების ქართველებზე წერდა:

“აღმოსავლეთში არის აგრეთვე კიდევ ერთი ქრისტიანი ხალხი, ეს ერი არის მეტად მებრძოლი ომში, მამაცი, მძლავრი აღნაგობის და ძლევამოსილი. ამ ერს ჰყავს ურიცხვი მეომარი, ეს ერი შიშის ზარს სცემს სარკინოზებს, თავისი თავდასხმებით ხშირად დიდ ზიანს აყენებს სპარსელებს, მიდიელებს და ასურელებს, რომელთა მოსაზღვრე მხარეებშიც სახლობს ურწმუნო ხალხებით გარშემორტყმული. ამ ხალხს ქართველებს უწოდებენ, რადგან ისინი განსაკუთრებით მოწიწებით ეპყრობიან და ეთაყვანებიან წმინდა გიორგის, თავიანთ მფარველად და მედროშედ მიაჩნიათ ის ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველა სხვა წმინდანზე მეტად სცემენ პატივს. ქართველები საღვთო წერილს  ბერძნულად კითხულობენ და საეკლესიო საიდუმლოებებსაც ბერძნული წესით ასრულებენ (1). მათ სამღვდელოებას მრგვალი ტონზურები აქვს, ხოლო საერო პირებს – ოთხკუთხედი. უფლის საფლავის მოსალოცად მომავალნი დროშებგაშლილნი შემოდიან წმინდა ქალაქში და ბაჟს არავის უხდიან. სარკინოზები წყენინებას ვერ უბედავენ, რადგან სახლში დაბრუნებულებს შეუძლიათ შური იძიონ თავიანთ მეზობელ სხვა სარკინოზებზე. ქართველ წარჩინებულ ქალებს ამორძალთა მსგავსად ომში რაინდებივით იარაღი აქვთ ასხმული. ქართველები მეტად აღშფოთდნენ და დაემუქრნენ დამასკოს მმართველ კორადინს, რომელმაც არად ჩააგდო მათი სურვილი და იერუსალიმის კედლები დაანგრია იმ დროს, როდესაც ლათინებს დამიეტასთვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული. ქართველებს თმა და წვერი ერთ წყრთამდე აქვთ მოზრდილი და თავზე ქუდები ახურავთ.”

—- 1) “ქართველები საღვთო წერილს  ბერძნულად კითხულობენ და საეკლესიო საიდუმლოებებსაც ბერძნული წესით ასრულებენ.” —- იგულისხმება მართლმადიდებლობა – კოლხი.

      1672 წელს რუსეთში გამოცემულ “ტიტულიარნიკში” საქართველოს აღსანიშნავად პირველად გვხვდება წმინდა გიორგის გამოსახულება გერბის ფარში და 1735 წლის ნაშრომში, რომლის ავტორიც გახლავთ ვახუშტი ბაგრატიონი.

       წმინდა გიორგი პრიორიტეტულია ქრისტიანული ეკლესიის სხვადასხვა მიმართულებებში. იგი ასევე მოხსენიებულია ყურანის კომენტარებშიც. წმინდა გიორგი ქრისტიანულ სამყაროში ითვლება მაცხოვრის ციური მხედრობის წინამძღოლად და მიწიერი რაინდობის მფარველად.